აწყური
ბორჯომიდან აწყურამდე 30 კილომეტრია. აწყურის დიდი ციხე, რომელიც უზარმაზარ კლდეზეა აღმართული, შორიდანვე ჩნდება (გზის მარცხნივ) და დიდხანს აღარ შორდება თვალს. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა გაშლილი ვაკე ადგილას. ციხე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, თავს დაჰყურებს სოფელსა და მთელ იმ მიდამოს. სოფელშივეა (აგრეთვე მარჯვენა ნაპირზე) ძველი საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებიც. აწყური ერთი უძველეს ქალაქთაგანია საქართველოში. ძველთაგანვე არსებობდა აქ ციხეც. აწყური ძველთაგანვე ცნობილი ქალაქი იყო. მატიანეებსა და საბუთებში მისი სახელი ძალიან ხშირად იხსენიება. აწყური მრავალჯერ გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზად. აწყურის ციხეს, რომელიც სამხრეთიდან მომავალ ერთ–ერთ უმთავრეს გზას დარაჯობდა, მრავალი თავდასხმისთვის გაუძლია. აწყურის ღვთისმშობლის ხატი სახელგანთქმული იყო მთელ საქართველოში, ხოლო აწყურის საეპისკოპოსო კათედრა, ათაბაგთა ბატონობის დროს, სამცხე – საათაბაგოს ეკლესიის მეთაურობას იჩემებდა. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" თანახმად, აწყურში საეპისკოპოსო ტაძარი უკვე გრიგოლის დროს, ე.ი. VIII-IX საუკუნეებში არსებობდა. გრიგოლის ერთ–ერთი მოწაფე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა. XI საუკუნის შუა წლებში ბაგრატ IV-ის დროს, მატიანეში იხსენიება აბუსერი – ერისთავი არტანუჯისა და ხიხათა და ციხიჯვრისა და აწყურის ციხის პატრონი. აწყვერის ციხე და "მესხთა დიდებული საყდარი აწყვერი" კიდევ უფრო ხშირად გვხვდება XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ წყაროებში. 1259–60 წლებში, როცა მეფე დავით ულუ მონღოლებს აუჯანყდა და სამცხეს გადავიდა, მონგოლები, არღუნ ყაენის მეთაურობით, სამცხეს შეესიენ და აწყური ააოხრეს. XIII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს, როცა "სამცხეს საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი", "საყდარი აწყუერისა დაიქცა". მემატიანე, რომელსაც ხატის სასწაულმოქმედი ძალისა სჯეროდა, გადმოგვცემს, რომ მიწისძვრის დროს "აწყუერისა ღვთისმშობელი ლიტანიობით შესვენებული საშუალ საყდრისა ესვენა, გუმბადი ჩამოიჭრა და ვითარ ქუდი კაცისა, ასრეთ თავსა დაერქვა და დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითაო" ხატი ეკლესიის შუაში ესვენა, ჩამოქცეული გუმბათი მას ქუდივით დაეხურა და არა ავნო რაო. ტაძარი მალე აღადგინეს, რადგანაც იგი მეხეთის მთავარი სალოცავი იყო. მას შემდეგ, რაც სამცხეს მთავრები საქართველოს მეფეს გადაუდგნენ, აწყურის ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. XV საუკუნეში, როცა საქართველოს პოლიტიკური და ნივთიერი მდგომარეობა უკვე ძლიერ შერყეული იყო,სამცხის მთავრები ცდილობდნენ სრულიად გამოეყოთ თავისი სამფლობელო საქართველოს სახელმწიფოსგან და სრული დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ამისათვის კი საჭირო იყო საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებაც. ამ მიზნით ათაბაგებმა განიზრახეს მესხეთის ეკლესია მცხეთის კათალიკოსისაგან ჩამოეშორებინათ და აწყურის ეპისკოპოსისათვის კათალიკოსის უფლებები მიენიჭებინათ. მაშინ, XV საუკუნის შუა წლებში, გიორგი VIII–ისა და ყუარყურე ათაბაგის დროს, ეს არ მოხერხდა. მცხეთის კათალიკოსმა შეაჩვენა მესხეთის სამღვდელოება და შეძლო მათი დამორჩილება, მაგრამ უფრო გვიან, XVI საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა უკვე სრულიად დარღვეული იყო, სამცხის მმართველმა მზეჭაბუკმა მესხეთის ეკლესია მოგლიჯა მცხეთის საკათალიკოსოს და ამგვარად გაწყვიტა ის ერთადერთი ძარღვიც, რომელიც მესხეთს, უფლებრივი თვალსაზრისით, საქართველოსთან აკავშირებდა. მესხეთის ეკლესიის მეთაურად მაწყვერელი იქცა. მას ეპისკოპოსთა დასმის უფლებაც მიენიჭა. მაწყვერელი თავისთავს მღვდელმთავარს კი აღარ უწოდებდა, არამედ მღვდელმთავართმთავარს (იხ. ქვემოთ ზარზმის წარწერა.) მზეჭაბუკმა აწყურის ტაძარს შეწირა "დიდებული მონასტერი ზარზმა". აწყურის ტაძარს დიდი მამულები ჰქონდა, მაწყვერელი ერთ–ერთი უძლიერესი ფეოდალთაგანი იყო. XV–ის საუკუნის მანძილზე აწყურს რამდენიმეჯერ შეესიენ უცხოელები. 1477 წელს მესხეთი ირანის შაჰმა უზუნჰასანმა დაარბია. სპარსელები აწყურშიც შეჭრილან, მათ "მოსრნეს მრავალნი ქრისტიენენი მღვდელნი და მონაზონნი და ერისთაგანიო" მოგვითხრობს მემატიანე. 1486 წელს მესხეთში ირანის შაჰი იაყუბ ყაენი შეიჭრა. ახალქალაქისა და ახალციხის აღების შემდეგ, აწყურს მიადგა, ალყა შემოარტყა მას და "შეაჭირვა ფრიად". აწყურელებმა "ითხოვეს ზავი" და უვნებლობა თავისთვის და ქალაქ–საყდრისთვის. იაყუბმა მისცა მათ უვნებლობის პირობა, შევიდა ქალაქში, შემდეგ კი ქართლის დასარბევად წაავლინა თავისი ჯარი. ქართლში სპარსელებმა ვერა გააწყვეს რა და განრისხებულმა ყაენმა აწყურზე იყარა ჯავრი: პირი უშლა აწყურელთ, წაასხა ბევრი მათგანი და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც თან წაიღო. აწყურის დანებება ათაბაგმა ღალატად მიიჩნია. მაწყვერელი გააძევეს და მის ნაცვლად სხვა დასვეს. მაგრამ განსაკუთრებით შეაწუხა ათაბაგი აწყურის სახელგანთქმული და "სასწაულთმოქმედი" ხატის "დატყვევებამ". მან "წარავლინა ვერცხლი დიდძალი" დაიხსნა ხატი დ კვლავ აწყურის ტაძარში დაასვენა იგი. მაგრამ აწყურის ხატი არა მარტო უცხოელთა "ტყვეობაშია" ნამყოფი. ერთი ქრონიკის ცნობით, 1546 წელს აწყურის ღვთისმშობელი "ტყვედ წაასხა იმერელმა მეფე ბაგრატ" (ბაგრატ III, 1510–1565 წწ.), რომელსაც ერთხანს სამცხეც ექვემდებარებოდა. ბაგრატს ხატი ჯერ ციხისჯვარს წაუღია, 1553 წელს კი "ციხიჯვარიდამ აწყურისა ღვთისმშობელი ტყვედ წაასვენეს იმერეთსო". სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, აწყური სინჯაყის მთავარ ქალაქად იქცა. მის ციხეში თურქებმა თავისი გარნიზონი ჩააყენეს. მეტად ხელსაყრელი მდებარეობის გამო, აწყურის ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველები, როგორც ცნობილია, არ შერიგებიან მესხეთის დაპყრობას. 1770 წელს ახალციხის საფაშოს წინააღმდეგ გაილაშქრა ერეკლე II. მასთან ერთად იყო რუსის ჯარიც გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. აპრილის შუა რიცხვებში ქართველთა და რუსთა ჯარი აწყურს მიადგა და ციხეს ალყა შემოარტყა. მაგრამ გაჩაღდა თუ არა ბრძოლა, მოღალატე ტოტლებენმა ერეკლესთვის მოულოდნელად, მიატოვა ბრძოლის ველი და თავისი ჯარით უკან გაბრუნდა. თურქებს უნდოდათ ამით ესრგებლათ, ისინი ციხიდან გამოუხდნენ და თავს დაესხნენ ქართველებს, მაგრამ ერეკლე II აქაც გამოიჩინა თავისი დიდი სამხედრო ნიჭი, ხოლო ქართველთა ჯარმა დიდი ვაჯკაცობა და დამარცხებული მტერი უკუ ქცეულ იქნა. მტერმა კვლავ ციხეს შეაფარა თავი. ერეკლე აქედან ასპინძას გაემართა. აქ გაიმართა ცნობილი ასპინძის ომი, რომელიც თურქთა ლაშქრის სასტიკი დამარცხებითა და განადგურებით დამთავრდა. ამ გამარჯვებებს იმ დროინდელი პოლიტიკური ვითარების გამო არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. სამცხე კვლავ თურქების ხელში დარჩა. თურქებს ეკუთვნოდა 1828 წლამდის აწყურიც. 1828 წლის აგვისტოში კი გენერალ პასკევიჩის მიერ ახალციხის აღების მეორე დღეს, აწყურის გარნიზონმა უბრძოლველად ჩააბარა ციხე რუსებს. ადრიანოპოლის ზავის შემდეგ (1829 წ. 2.IX) აწყური, ახალციხის საფაშოს ნაწილთან ერთად, რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა და, ამგვარად კვლავ შემოუერთდა საქართველოს. აწყურის ციხე დღეს ნანგრევებს წარმოადგენს, მაგრამ ამ ნანგრევთა მიხედვითაც ადვილი წარმოსადგენია, რომ იგი სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა იყო. ციხეში შესასვლელი კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბიდანაა. ეს შესასვლელი ახლა გზის დონეზეა, მტკვრის პირას. ციხე ისეთ კლდეებზეა ნაშენი, რომ გვირაბში შეჭრის შემდეგაც მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. მთავარი სირთულე სწორედ ძნელად მისადგომ შიგა ნაგებობათა აღება იყო. როცა ციხის კედლებს ათვალიერებთ, თითქოს ისინი ბუნებრივად არიან შეზრდილი კლდეებთან. კლდის რელიეფი, მისი ყოველი ჩაღრმავება და ნაოჭი მარჯვედაა გამოყენებული მშენებელთა მიერ. ზოგან კედელი ისეთ ციცაბო ფერდზეა დაბჯენილი (თითქოს მისგანაა აღმოცენებული), ძნელი გასაგებიც კია როგორ მოახერხეს ძველმა ოსტატებმა ასეთი ამოცანის ტექნიკურად გადაწყვეტა. აწინდელი ციხე, რა თქმა უნდა აღარ წარმოადგენს ერთგვაროვან, მთლიან ნაგებობას. მასში მრავალი სხვადასხვა დროინდელი ფენაა, ეს ბუნებრივია, ციხე "მოქმედი" იყო. მას ბევრი გააფთრებული თავდასხმა განუცდია, მთლიანად ვერ დაანგრევდნენ. ზიანდებოდა მისი ცალკეული ნაწილები, რომელთაც შეძლებისდაგვარად სწრაფად შეაკეთებდნენ ხოლმე. ამიტომ ამჟამად ძალიან ძნელია ამ ფენების თარიღთა ზუსტად დადგენა, თუმცა თვით ფენების გარჩევა კი ხერხდება. ზოგიერთი რამ უეჭველია, აწყური თურქების მიერაცაა შეკეთებული. აწყურის ტაძარი აგრეთვე დანგრეულია. მნახველს აოცებს მისი სიდიადე. მართლაც, თავისი ფართობით აწყურის კათედრალი (საეპისკოპოსო ტაძარი) ყველაზე დიდი იყო მთელ საქართველოში (ფართობით იგი სვეტიცხოველსაც სჭარბობს). ახლა გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დაღუპულია კედლების ზემო ნაწილებიც. აღმოსავლეთის ნაწილი შედარებით უკეთაა გადარჩენილი. საკურთხეველსა და მის ორსავ მხარეს მდებარე ოთახებს, (ე.წ. სადიაკვნოსა და სამსხვერპლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. საკურთხევლის შუა ნაწილი ახლა ერთიანად გამონგრეულია, ხოლო კედლის გარე პერანგი (თლილი ქვისა) თითქმის სულ ჩამოძარცული. შიგნით გადარჩენილია საკურთხევლის კუთხეების მორთულობა– წვრილი კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით. საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა (გადარჩენილია თაღებისა და სარკმლის მოჩუქურთმებული არშიების ნაწილები) მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი VIII საუკუნის მიწურულზე ადრინდელია, ე.ი. იმ მიწისძვრაზე ადრინდელი, რომელმაც ძლიერ დააზიანა აწყურის ტაძარი. საკურთხევლის მხარე მიწისძვრის დროს გადარჩენილა.სამაგიეროდ, დასავლეთის კედელი მიწისძვრის შემდეგ იყო აღდგენილი. ახლა მისი პერანგიც თითქმის სულ ჩამოცლილია. აღარაფრის გარკვევა არ შეიძლება. მაგრამ ძველ ფოტოსურათებზე ჯერ კიდევ ჩანს ამ კედლის გარე მორთულობა. მაღალ, ჩუქურთმიან არშიაში ჩასმული სარკმელი, ჩუქურთმიანივე ჯვარი მის ზემოთ და სამკაულებიანი ბურთულები ჯვრის ძირში. ამ მორთულობის საერთო იერი, აგრეთვე ჩუქურთმის სახები და შესრულების ხასიათი, გარკვვით მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ადრინდელი არაა. იგი, ალბათ მიწისძვრის მომდევნო წლებს, ე.ი. XIII-XIV მიჯნას, ან XIV საუკუნის პირველ ნახევარს ეკუთვნის. ზემოთ აღნიშნულია, რომ XIV საუკუნეში აწყურის ტაძარში ჯერ კიდევ იყო წირვა–ლოცვა. იგი მაშინ სამცხის ეკლესიის მეთაურადაც აქციეს. XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიაც , ვახუშტის ცნობით, აწყურს "არს ეკლესია დიდშენი, შვენიერად ქმნული გუმბათიანი ყოვლად–წმინის ღვთისმშობლისა". შენობა "ფეხზე იდგა" თვით XIX საუკუნის დასაწყისამდეც კი. საქართველის ისტორიისა და ქართულ სიძველეთა ცნობილი მკვლევარი აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელმაც გასული საუკუნის შუა წლებში ნახა ეს ძეგლი, წერს: "ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა, ტაძარი ჯერ კიდევ დაუნგრეველი მახსოვსო". როგორც ჩანს, ძეგლი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში დაინგრა. XIX საუკუნის მანძილზედაც მას პატრონი და მზრუნველი არა ჰყოლია. მაჰმადიანი მოსახლეობა მის ქვებს თავისი სახლებისთვის იყენებდა. სოფელში ახლაც შეხვდებით ჩუქურთმიან ქვებს, რომლების სახლების კედლებშია ჩატანებული. ამჟამად აწყურის ტაძარი აღრიცხულია, როგორც ქართული კულტურის ძეგლი და წარმოებს მისი მეცნიერული კვლევა.
სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე; მასალა აღებულია წიგნიდან – „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები"; გამომცემლობა ნაკადული, 1970წ.
წყარო: http://www.dzeglebi.ge |